სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ შესაძლოა მიიღოს დადგენილება გემ "Hakki Cilioglu"-ს განადგურების შესახებ, რომელიც აფხაზეთის პორტში 2011 წლის მაისიდან იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით ამ გემზე, რომლის მფლობელიც კომპანია "STARTLET SHIPPING INС"-ია ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფება.
"სოხუმის პორტის ადმინისტრაციამ არაერთგზის გაუწია დახმარება სურსათითა და ფულით ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ასევე რამდენჯერმე მოხდა გემის საწვავით უზრუნველყოფაც", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, 2 თებერვალს სოხუმში როგორც იქნა ჩამოვიდა გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც გემის კაპიტანმა დახმარება სთხოვა. კაპიტანს უკან დასაბრუნებლად საწვავი, წყალი და სურსათი სჭირდებოდა. წარმომადგენელმა კაპიტანს თხოვნაზე უარი უთხრა.
"საწვავის არარსებობის გამო გემი "Hakki Cilioglu" საფრთხეს უქმნის ეკიპაჟის წევრებსა და სოხუმის პოტრის ნაგებობებს", _ აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გემის შესახებ აფხაზური მხარე გუშინ წერდა რომ "სოხუმის პორტში დაგდებულ თურქული გემის "Hakki Cilioglu" ეკიპაჟს ძალად არავინ აკავებს, როგორც ამას ქართული მედია იუწყება". ეს განცხადება აფხაზური მხარის ინფორმაციით აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში გააკეთდა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია "Starlet Shipping"-ის კუთვნილი გემის ბორტზე იმყოფებიან. მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე - აფხაზეთში მოტყუებით მოხვდნენ. მეტიც, სამი წლის განმავლობაში მათთვის არავის არაფერი გადაუხდია.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, საუბარია იმ გემის ეკიპაჟის წევრებზე, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავს და გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, იქ ასევე იმყოფებიან თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.