საქართველოში გადაღებული ინდური ფილმის პრემიერა აპრილში ბოლივუდში გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა.
"ფილმის გადაღებები საქართველოში - თბილისში, ლიკანსა და რუსთავში - ნოემბრის დასაწყისში და მთელი დეკემბრის, 30 დღის განმავლობაში განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად ფილმის პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, 14 აპრილს ინდოეთში პრემიერის პარალელურად, პრემიერა საქართველოშიც მოეწყოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ქართულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები 3 ფილმის გადაღებაზე და შესაძლოა, კინოსივრცეს კიდევ რამდენიმე ინდური ფილმი შეემატოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნება გადაღებული. მასში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც მიიღებენ.
ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განგსტერული-ტრილერის "BILLA 2" გადასაღებად საქართველოში ინდოელმა პროდიუსერებმა მილიონი დოლარი დახარჯა. დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი.