ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ვანდალური ფაქტისთვის შესაბამისი შეფასების მიცემას ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოითხოვს. ქართველი პოლიტიკოსების თქმით, ოკუპანტების მსგავსი ქმედება ბავშვების მიმართ მხოლოდ ფაშისტებისთვის იყო დამახასიათებელი. მესამე კლასელ მამუკა ფიფიასთან ოჯახის წევრები დაკავშირებას ისევ ვერ ახერხებენ.
"ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა რუსული ოკუპაციის. სამწუხარო ფაქტია, რომ საერთაშორისო მისიები არ იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის პოზიციის გამო მათ ეკრძალებათ იქ შესვლა. სამწუხაროა, რომ გაუარესებულია მდგომარეობა თვითონ ქართულ ენასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აუცილებლად განვახორციელებთ კომუნიკაციას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გვსურს, რომ აღნიშნული ფაქტის ასახვა მოხდეს მათ ანგარიშებში", - განავხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში ირაკლი ფორჩხიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, პაატა დავითაიას თქმით კი ის ამ ფაქტის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრებს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. მე საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში აუცილებლად ჩავაყენებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავაყენებ საკითხს, რომ უკვე ბავშვების მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ეს ფაშისტების დამახასიათებელია მხოლოდ", - განაცხადა დავითაიამ.
მამუკა ფიფიას შამგონაში მცხოვრები მშობლები ყვებიან, რომ მათი შვილი ოკუპანტებმა სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელოს აღმოჩენის შემდეგ სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, მოზარდს ხელი აქვს მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება.