საპარლამენტო უმრავლესობიდან ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" გადასვლას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
ახვლედიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატებს პარტიაში საკუთარი ადგილის მოძებნა უჭირთ, შესაბამისად, "ქრისტიან-დემოკრატები" მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არის კურდღელაშვილის უმრავლესობიდან უმცირესობაში გადასვლა "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრების კრიტიკის საგანი.
"კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან კობა კურდღელაშვილთან მოლაპარაკება შედარებით ადრე იმის გამო დასრულდა, რომ მეტი საერთო ხედვები ჰქონდათ. თუ ბეჟან ხურციძეს თავის ფრაქციაში ეპატიჟებიან და მის საქციელს პატრიოტულს უწოდებენ, უმრავლესობიდან ჩვენთან გადმოსვლა რატომ არის კონსპირაციული. თუ ასე იმსჯელებენ, კიდევ მოუწევთ "თმების დაპუტვა", რადგან ეს პროცესი გაგრძელდება", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ახვლედიანმა დადასტურა, რომ მათი რიგებიდან რატი მაისურაძის ფრაქცია "ძლიერ საქართველოში" გადასვლა საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების მიზნით ტექნიკურად იყო საჭირო.