აფხაზური მხარე აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ თაგილონელი III კლასის მოსწავლის მამუკა ფიფიას ცემის ფაქტის შესახებ არაფერი იცის.
"გალის რაიონის სამართალდამცავი ორგანოები არ ფლობენ ინფორმაციას, თითქოს რუსი მესაზღვრეების მიერ სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტის გამო", _ იუწყება აფხაზური მედია.
"ასეთ უპრეცედენტო შემთხვევას ადგილი რომ ჰქონოდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ გვეცოდინებოდა", _ აცხადებს აფხაზურ მედიასთან საუბარში გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის სოფელ თაგილონის III-კლასელ მამუკა ფიფიას ოკუპირებიულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა სასტიკად სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავა ადასტურებს და ამ ფაქტს რუსი სამხედრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ვანდალობებს შორის ყველაზე სასტიკს უწოდებს.
დილით გალის რაიონის სოფელ თაგილონში, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდიოდა, იგი რუსმა სამხედროებმა გააჩერეს და ჩანთა გაუჩხრიკეს. ჩანთაში ქართული წიგნებისა და მათ შორის "დედა ენის" აღმოჩენის შემდეგ, მესამეკლასელ მოსწავლეს სასტიკად სცემეს. ბავშვი ცემის შედეგად სერიოზულად დაშავდა. ამჟამად იგი ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული.
კილანავას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
სულ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში 31 ქართული სკოლა მოქმედებს. მამუკა ფიფიაც სწორედ სოფელ თაგილონში მოქმედი ქართული სკოლის III კლასის მოსწავლეა.