"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა საზოგადოების მხრიდან უარყოფითად არ აღიქმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
"ჯგუფის წევრები უცხოები არ არიან საზოგადოებისთვის თავისი პოლიტიკური ნაბიჯებით და აქტივობით და ამდენად პოლიტიკურ ასპარეზზე ამ სახეების გამოჩენა უარყოფითად არ აღიქმება. იქნება თუ არა აღფრთოვანების საგანი, ამას ამ ჯგუფის შემდგომი მოღვაწეობა გვიჩვენებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ამ გუნდის წევრების ფუნქცია ჯერ პოლიტიკის კეთების ნაცვლად, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება და მისი წევრების პოპულარიზაციაა.
"მას უნდა შეეკრიბა ახალი გუნდი. თუმცა, არიან მათ შორის ისეთი სახეები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ პოლიტიკური მოღვაწეობა. საინიციატივო ჯგუფში ბევრია მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე თუ ბიზნესმენი. მათთვის არცერთისთვის პოლიტიკური შეფასებები კეთება უცხო არ არის. თქმა იმისა, რომ შეიკრიბა ხალხი, რომლებისთვისაც პოლიტიკა უცხოა გადაჭარბებული იქნება. მათი ფუნქცია ჯერ პოლიტიკის კეთება არ არის. მათ ჯერ ამ პარტიას უნდა ჩაუყარონ საფუძველი და მის წევრებს მოსახლეობაში პოპულარიზაცია გაუკეთონ. ესენი შესაძლოა შემდგომში პარტიის წევრები არც აღმოჩნდნე. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის შემდგომში პარტიის წევრობა სავალდებულო არც არის", - აღნიშნა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს "ქარტული ოცნების" საინიციატივო ჯგუფი წარადგინა.