გერმანიის საკალათბურთო ნაკრების და „დალას მავერიკსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი ევროპის 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის, ფიბა-ს გამოკითხვით ის საუკეთესოდ დაასახელეს, როგორც გულშემატკივრებმა, ასევე სპეციალისტებმა. ნოვიცკი წლების განმავლობაში საუკეთესო ევროპელია ნბა-ში, 2011 წელს კი მან „დალასი" ჩემპიონი გახადა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულად სოლიდურად ითამაშა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი ერგო „ბარსელონას" მსროლელ ხუან-კარლოს ნავაროს, რომელმაც თავის კლუბს საკალათბურთო ევროლიგა მოაგებინა, ხოლო ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მესამე ადგილზე მაკედონიის ნაკრების გამთამაშებელი ბო მაკალები გავიდა, რომელიც საკლუბო დონეზე იტალიურ „მონტეპასკიში" თამაშობს. მან პირადად გაიყვანა მაკედონიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში.
გამოკითხვაში მხოლოდ მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ადგილები შეხვდათ ამერიკაში მოთამაშე ევროპელ ვარსკვლავებს - ესპანელ პაუ გასოლს, რუს ანდრეი კირილენკოს და ფრანგ ტონი პარკერს. ათეულში მოხვდა გასოლის უმცრო ძმა მარკ გასოლიც, რომელიც ასევე ნბა-ში, „მემფისში" თამაშობს.