ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საფუძვლებისადმი მიძღვნილ სემონარში მონაწილეობენ. სემინარი ბიჭვინთაში იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სემინარში აფხაზური მხრიდან მონაწილეობს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, კონფლიქტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომის ავტორი სტანისლავ ლაკობა. აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის ექს-სპიკერი სოკრატ ჯინჯოლია, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, ე.წ. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და სხვები.
"სემინარი ერთდღიანია. მის დროს ჩვენ ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ჩვენი კოლეგების ინფორმირებას მოვახდენთ კონფლიქტის ისტორიის შესახებ. მიგვაჩნია, რომ სემინარი ჩვენს მისწრაფებებსა და პოზიციას მათთვის უფრო გასაგებს გახდის", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე სულაც არ იმედოვნებს, რომ კოლეგები მიიღებენ აფხაზური მხარის პოზიციას, თუმა "მიუხედავად ამისა ამ ღონისძიების სარგებლობის მაინც გვჯერა".
"ეს მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრობლემატიკის უკეთ გაგებისათვის. ვფიქრობ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია, ბიჭვინთა კი სასიამოვნო ურთიერთობებისათვის კარგი ადგილია", _ აცხადებს ჩირიკბა.