ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აჭარიდან სამეგრელოში გაემგზავრა.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, მაკკეინი და მისი თანხლები სენატორები ზუგდიდში საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერს შეხვდებიან.
"სტუმრები პირველი ხელიდან მიიღებენ ინფორმაციას კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარების შესახებ, რასაც სენატორები აშშ-ში დაბრუნების შემდეგ თავიანთ კოლეგებს გააცნობენ", - განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორები ჰაბერთან შეხვედრის შემდეგ დევნილებსაც შეხვდებიან და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი თანმხლებ სენატორებთან ჯონ ბარასოსა და ჯონ თუნთან ერთად ბათუმს გუშინ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატორების ვიზიტის ძირითადი მიზანია კიდევ ერთხელ გამოხატონ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. "მათი ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
სენატორები საქართველოს დღეს, დღის მეორე ნახევარში დატოვებენ.