საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა 153351 გრ. „მეტამფეტამინის (ფუძე)“ შემცველი ნივთიერება, რომელიც მოათავსა თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის საწვავის სისტემის დანამატ ავზში და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. „სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერება სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.