მიმდინარე წელს, ფუტსალის ასოციაციის ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატს ფუტსალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც 18 წევრიდან 14 დაესწრო.
ფუტსალის ასოაციაციაში პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების დაპირისპირების გამო, ჩემპიონატს ჩაშლა ემუქრებოდა და ამიტომ, მისი ჩატარება სფფ-მ ითავა. ამასთანავე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ ფუტსალის ასოციაციას შიდა სამზარეულოს მოწესრიგებისკენ მოუწოდა. ჩემპიონატის დაწყების თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამ ეტაპზე ის არის ცნობილი, რომ გათამაშების დებულება მთლიანად შეიცვლება. სიჭინავამ რეგიონულ ფედერაციებს სამომავლოდ ფუტსალის თითო კლუბის ჩამოყალიბება დაავალა, რათა მისი პოპულარიზაცია მოხდეს. ასევე, იგეგმება, რომ ჩემპიონატის ტურები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართოს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.
გარდა ამისა, აღმასკომის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა კანდიდატურები. საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე გაწვრთნის, 19-წლამდელებს კახა კაჭარავა გაუძღვება, ხოლო 17-წლამდელებს - ნოდარ აკობია. სიჭინავამ აღმასკომის წევრებს თითოეული მწვრთნელი დაუხასიათა და აუხსნა, თუ რატომ შეჩერდა მათზე არჩევანი. პრეზიდენტის განმარტებით, ხსენებული მწვრთნელების დანიშვნის ინიციატივა უშუალოდ ეროვნული გუნდის თავკაცისგან თემურ ქეცბაიასგან მოდიოდა. აღმასკომი ჩივაძის სამწვრთნელო საქმიანობისადმი დაბრუნებას მიესალმა.