უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მის კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში იულია ტიმოშენკოს პოლიტიკისგან დასვენებას ურჩევს.
"მისთვის (ტიმოშენკო. რედ) დროა დაისვენოს, თუნდაც ცოტა ხნით, რადგან მისი საქმიანობის ყოველ თვეს ჩვენი ქვეყნისთვის კოლოსალური სიღარიბე მოაქვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამდივნოს ყოფილი თანამშრომელი იაროსლავ კოზაჩოკი ამტკიცებს, რომ იუშჩენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელის 17 იანვარს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ურთიერთმისაღებ ქმედებებზე შეთანხმდნენ.
კოზაჩოკმა საზოგადოებას იუშჩენკოსა და იანუკოვიჩს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც წარუდგინა, რომელსაც იანუკოვიჩმა "ფალსიფიკაცია" უწოდა. აღნიშნულ ფაქტზე გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების დავალება მისცა ქვეყნის პრეზიდენტმა.
სულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის პირველი ტური 17 იანვარს გაიმართება, მონაწილეობას 18 კანდიდატი მიიღებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მარალი შანსები პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს და რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს აქვთ.
ექსპერტების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და მეორე ტურში სწორედ ტიმოშენკო და იანუკოვიჩი გავლენ.