დაზარალებული ჟურნალისტი, გურამ როგავა სასამართლოში, სადაც მასზე ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა, ცარიელი ფურცლებით მივიდა.
ჟურნალისტის თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ უთხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო.
“მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მითხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი.
დასამალი აქვთ ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. წარწერა, რომელსაც თქვენ უყურებთ - საქალაქო სასამართლო, რეალურად არის ივანიშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, სადაც ეს თოჯინები სხვადასხვა როლს ასრულებენ.
მე თქვენ მოგიტანეთ, რა არის ჩემი საქმის მასალები - უზარმაზარი დასტაა, ეს მხოლოდ ნაწილია, შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგირიგებთ. მე ვისურვებდი, საქმეში არსებული ფურცლები კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან როგორც თქვენ ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა, ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა, უეცრად მოუნდა, რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
საერთოდ არ ვიცი, რა გარემოებებში, რა პირობებში მიიღო გამოძიებამ აღიარებითი ჩვენება - ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა, თუ სხვა მექანიზმები. მე ამ საქმეში ვარ მხარე, დაზარალებული, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ ვარ ჟურნალისტი, მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა, ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფრთიანი ანგელოზია. დღეს არსებული ამ ცარიელი ფურცლებით, რაც საქმეში დევს, მე როგორც პირველ რიგში, ჟურნალისტი, ვერ ვრწმუნდები, რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში, რომელიც დაადასტურებდა ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას”, - განუცხადა როგავამ ჟურნალისტებს.