უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა კიევზე მორიგ მასშტაბურ თავდასხმას X-ზე ეხმიანება.
სიბიჰას განცხადებით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ბალისტიკური რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა, დაახლოებით ოთხი ათეული გამოიყენა,
„მოვუწოდებთ ადეკვატური და გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ. აუცილებელია მოსკოვზე გამანადგურებელი ზეწოლის განხორციელება, რათა ბოლო მოეღოს ამ ტერორს. არ შეიძლება არსებობდეს არანაირი პაუზა სანქციების გამკაცრებისა და რუსეთის იზოლაციის პროცესში. ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი დაუყოვნებლივ უნდა განიბლოკოს. არ შეიძლება არსებობდეს არანაირი პაუზა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის საქმეში. დამატებითი ჩამომგდები სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, ყველა, ვინც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თავდაცვით საშუალებების მიწოდებას აფერხებს, უნდა აცნობიერებდეს, რომ შეფერხების ფასი ადამიანების სიცოცხლით იზომება.
„არ შეიძლება არსებობდეს პაუზა ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული თავდაცვის შექმნას ბალისტიკური ტერორის წინააღმდეგ. ველით, რომ ანტიბალისტიკური კოალიცია ოპერატიულად გააგრძელებს მუშაობას. არ შეიძლება არსებობდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამართლებას ემსახურება მისი საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებების აღდგენით“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინის დამშვიდების პოლიტიკით შეჩერება შეუძლებელია.
„ის უფრო შორს წავა, თუ მას ძალით ახლავე არ შევაჩერებთ. მიაწოდეთ უკრაინას ყველა საჭირო საშუალება, რათა მან შეაჩეროს რუსეთი და ბოლო მოუღოს ომს“, - თქვა სიბიჰამ.
ცნობისათვის, 19 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელეს - გამოიყენეს 41 რაკეტა და 125 უპილოტო საფრენი აპარატი. თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 8 დაშავდა. ქალაქში ხანძარი სულ მცირე ხუთ რაიონში გაჩნდა.