უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ძირითადად იმედებს ბალისტიკურ რაკეტებზე ამყარებს.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 19 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში სწორედ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მიიტანა. მისი თქმით, რუსული მხარე ამ თავდასხმას რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდა და რაკეტებს აგროვებდა.
„საფრთხე ახლაც შენარჩუნებულია და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს რუსეთი მთავარ აქცენტს და სწორედ მათი წყალობით პუტინს დღემდე სჯერა, რომ ამ ომის გაგრძელება შეუძლია,“ - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები პარტნიორებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს გამართავენ იმ სამხედრო დახმარების პაკეტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„აუცილებელია ყველაფრის დაჩქარება - როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. შედეგი ყოველდღიურად გვჭირდება,“ - დასძინა ზელენსკიმ.
19 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო არმიამ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. ოკუპანტებმა ერთ საათზე ნაკლებ დროში უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 40-ზე მეტი მტრის რაკეტა გაუშვეს.
თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელ სახლებში, სავაჭრო-გასართობ ცენტრში, სხვა შენობებსა და ავტომობილებში ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შედეგად 89 წლის ქალი დაიღუპა, კიდევ 17 ადამიანი დაშავდა.