ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსი" მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდა „მაიამი ჰითს" და მეორედ დამარცხდა, ამჯერად სოლიდური სხვაობით - 87:107. ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 8 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაჩულიას ასეთი სტატისტიკითაც გამორჩეული იყო თანაგუნდელებს შორის: ზაზა 9 მოხსნით საუკეთესო იყო თავის გუნდში, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ უილ გრინმა (17) და ჯო ჯონსონმა (12) მოაგროვეს.
ფაჩულიამ თანაგუნდელებისგან ფარზე ბრძოლაში მცირე დახმარება მიიღო. მასპინძელმა „ჰოქსმა" ამ კომპონენტში 38:52 დათმო „მაიამისთან", რომლის რიგებში საუკეთესონი იყვნენ ლებრონ ჯეიმსი (23 ქულა, 13 მოხსნა) და დუეინ ვეიდი (21 ქულა). 14 ქულასთან ერთად 16 მოხსნა მოაგროვა სტუმართა მესამე ვარსკვლავმა კრის ბოშმა.
ჯორჯიული გუნდისთვის ეს წაგება 28-ე თამაშში მეათე იყო და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. „ჰოქსს" შემდეგი შეხვედრა 14 თებერვალს ლოს ანჯელესში „ლეიკერსთან" უწევს.