ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერისა და "პრეზიდენტობის" ექს-კანდიდატის ალა ჯიოევას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ეს განცხადება ცხინვალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მაირბეკ კოკოევმა გააკეთა.
მისივე თქმით, სამედიცინო შემოწმების შედეგად ჯიოევას სხეულზე მედიკოსებმა ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
"ჯიოევას ვერავითარი ფიზიური ძალდობის კვალი ვერ აღმოვუჩინეთ. მას არც სისხლნაჟღენთები და არც ნარღძობები არ აღენიშნება. ეს დასკვნა 6 ექიმისგან შექმნილმა კონსილიუმმა გამოიტანა. მისი დიაგნოზი - ჰიპერტონიული კრიზია", _ განაცხადა ექიმმა და აღნიშნა, რომ ჯიოება რეანიმაციაში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს, რის შემდეგაც იგი ჩვეულებრივ სტაციონარში იქნება გადაყვანილი.
მიუხედავად ალა ჯიოევას ოფიციალური დიაგნოზისა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესაცებაც, რომ მას ავტომატის კონდახი თავში ჩაატრყეს. ამავდროულად თავად ჯიოევას პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯიოევას საარჩევნო შტაბის შტურმის დროს თავად ოპოზიციის ლიდერი, მისი მეუღლე და ძმა ძალოვნებმა სასტიკად სცემეს.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა დღეს, 10 თებერვალს თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებას გეგმავდა. გუშინ მის შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებმაც შტაბი დაარბიეს და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.