ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, რომელიც თავს "სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად" მიიჩნევს და რომელიც დღეს თავის "ინაუგურაციას" გეგმავდა რუსეთის რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს და ცხინვალის საავადმყოფოში რჩება.
"ჯიოევას მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია, მაგრამ მომავალი დაკვირვება მაინც აუცილებელია", _ აცხადებებს ცხინვალის საავადმყოფოს მედიკოსები.
ოფიციალურად, ჯიოევას დიაგნოზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესაცებაც, რომ მას ავტომატის კონდახი თავში ჩაატრყეს. ამავდროულად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრი ვალერი ვალიევი აცხადებს, რომ ალა ჯიოევას მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ძალადობის კვალი ჯიოევას პირველადი დათვალიერებისას ვერც მედიკოსებმა აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა დღეს, 10 თებერვალს თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებას გეგმავდა. გუშინ მის შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებმაც შტაბი დაარბიეს და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.