აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას წერილი მისწერა. წერილში ანქვაბი ჯიოევას თავისი ე.წ. ინაუგურაციის გადადებას ურჩევს.
"შეუძლებელია, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები არ გვაღელვებდეს. იქ დღეს შექმნილი მდგომარეობა აფხაზეთში 2004-2995 წლებში არსებულ საპრეზიდენტო მარათონს ჰგავს, მაშინ საზოგადოებაში მკვეთრად მოიმატა დაპირისპირებამ და ჩვენ ყველანი სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოვჩნდით", _ წერს ანქვაბი ჯიოევასათვის გაგზავნილ წერილში.
მისი თქმით, აფხაზეთში დარწმუნებულნი არიან, რომ "მოძმე სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად სიბრძნის, პოლიტიკური ნებისა და მოქნილობის გამოვლენაა საჭირო".
"ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილი იქნებოდა 10 თებერვლისათვის თქვენ მიერ დანიშნული ინაუგურაციის გადადება და 25 მარტს არჩევნების ჩატარება. დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, ასეც მოიქცევით", _ წერს ანქვაბი.