აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან ფილიპ დიმიტროვთან სოხუმში გამართული შეხვედრის დროს საქართველოს მიერ აფხაზეთისათვის შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტებისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა და ელჩს განუცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აპირებს მიმართოს ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მათ ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარება სთხოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ევროკავშირის დელეგაციის წევრებს განვუცხადეთ, რომ ვაპირებთ მივმართოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას წინადადებით აღიარონ აფხაზეთის საზღვარეთული პასპორტები საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის, როგორც ეს მაგალითად ჩრდილოეთ კვიპროსის პასპორტებთან დაკავშირებით ხდება. დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები მათ თავიანთ ვიზებს აძლევენ თუმცა როგორც სახელმწიფოს არ აღიარებენ", _ აცხადენბს ვიაჩესლავ ჩირიკბა.
მისივე თქმით, თუ აფხაზეთი მიმართავს ამ წინადადებით ევროსტრუქტურებს, ევროკავშირს მოუწევს თავისი პოზიციის ფორმულირება ამ საკითხთან დაკავშირებით.
"გამორიცხული სულაც არ არის, რომ ეს საკითხი, ვიზების გაცემის თვალსაზრისით დადებითად გადაწყდება, თუმცა შესაძლებელია ჯერ ჯერობით ეს ძალიან ოპტიმისტური მიდგომაა. მოკლედ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საზღვარგარეთის პასპორტები იმისათვის გამოვიყენოთ, რომ ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ვიმოგზაუროთ", _ აცხადებს ჩირიკბა.