გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, 13 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი რაოდენობით ხალხი მივა. ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოება დარწმუნებულია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა და ისინი თავიანთი ხმების დასაცავად ხვალ რესპუბლიკის მოედანზე მივლენ.
"ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობით ხალხს. ჩემი აზრით, თბილისი იქნება ეს, თუ მთელი საქართველო, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ სააკაშვილმა 5 იანვრის არჩევნები გააყალბა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს არ აქვთ მორალური უფლება არ გამოვიდნენ და თავისი აზრი არ დააფიქსირონ.
"საზოგადოება ძალიან მტკიცედ არის განწყობილი. ჩვენი ამოცანა იქნება გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ ჩავეტიოთ კონსტუტიციურ ფარგლებში", _ აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 13 იანვარს გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. "ერთიანი ეროვნული საბჭოს" მშვიდობიანი მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს.