"ამ პასპორტით ჩვენ არასოდეს არ ვისარგებლებთ", _ განუცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს ფილიპ დიმიტროვს სოხუმში გამართული შეხვედრისას და "მას საქართველოს მიერ გამოგონილი ე.წ. ნეიტრალური პასპორტი აჩვენა". დიმიტროვი აფხაზეთში დელეგაციასთან ერთა ჩავიდა.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ელჩს ასევე აჩვენა ე.წ. აფხაზური პასპორტი და აღნიშნა, რომ "აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტი ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, თუმცა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში მას ჯერ არ აღიარებენ".
აქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ ომის შემდეგ აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" გამოვიდა წინადადებით გაეროს ნეიტრალური პასპორტების მიღებასთან დაკავშირებით. "მაშინ საქართველო ამის წინააღმდეგ წავიდა და დღეს კი უკვე რუსეთმა გაგვიწოდა დახმარების ხელი და ჩვენ არც ერთი სხვა დოკუმენტი არ ვგჭირდება", _ განაცხადა ანქვაბმა და ელჩს ისიც გაახსენა, რომ საქართველო უარს ამბობს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამასთან ერთად იარაღდება.
"1992 წლის აგვისტო იყო ლოგიკური გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს მიერ ათეულობით წლების განმავლლობაში ტარდებოდა. დღევანდელი აფხაზეთი ეს 92 წლის აფხაზეთი არ არის და არც 2008 წლის აფხაზეთია", _ აცხადებს ანქვაბი და დასძენს, რომ ისტორიული მეხსიერება კარგი საფუძველია თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.