გუშინ აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალისტები გამოვლინდნენ. კონტინენტური ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან კოტ დივუარის და ზამბიის ნაკრებები, რომლებმაც ნახევარფინალში იდენტური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს შესაბამისად მალი და განა. ფინალი 12 თებერვალს გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩს 11 თებერვალს მალაბო უმასპინძლებს, რომელიც ტურნირის თანამასპინძლის, ეკვატორული გვინეის დედაქალაქია.
ზამბიასა და განას შორის ნახევარფინალურ შეხვედრაში ფავორიტად აფრიკის ოთხგზის ჩემიონი განა ითვლებოდა, მაგრამ ანგარიში ზამბიამ გახსნა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე და განამ ვეღარაფერი მოახერხა, მით უფრო, რომ ბოლო წუთებზე ორი ყვითელი ყარათის გამო ერთ-ერთი მოთამაშე გამოაკლდა. აღსანიშნავია, რომ განელთა თავდამსხმელმა ასამოა გიანმა მატჩის პირველ წუთებზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
კოტ დივუარსა და მალის შორის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დივუარელებმა გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს - თავი გამოიჩინა ლონდონის „არსენალის" თავდამსხმელმა ჟერვინიომ. მეორე ტაიმში ვეღარაფერი შეცვალა მალიმ, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ფრანგი ალენ ჟირესი წვრთნის.