ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთა რაოდენობა ამჟამას 10 -ის ტოლია ცხინვალის რეგიონში მოქმედ ე.წ. ცესკოს ლინგვისტური გამოცდის გაუქმებას სთხოვენ. ამ გამოცდის გავლა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისათვის აუცილებელი პირობაა. განცხადება ამის შესახებ ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ გააკეთა.
"ცესკოს დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია და ჩვენ მას ვერ გავაუქმებთ. თუ პრეზიდენტობის კანდიდატები ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მათ უზენაეს სასამართლოს მიმართონ და ცესკოს ეს გადაწყვეტილება იქ გაასაჩივრონ", _ განაცხადა ფლიევამ.
მისივე თქმით, ერთ ერთმა კანდიდატმა როინ კოზაევმა ეს გამოცდა უკვე გაიარა და ჩათვლა ვერ მიიღო. ამიტომაც იგი ე.წ. საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა.
ამას გარდა, ფლიევას ინფორმაციით, გარდა ლინგვისტური გამოცდის საკითხისა ე.წ. ცესკოს წევრებს "კანდიდატების" მიმართ სხვა კითხვებიც აქვთ. კერძოდ, ფლიევას ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენისას საინიციატივო ჯგუფების წევრთა რაოდენობა 100 ადამიანზე ნაკლები არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა შემდგარად არ ჩაითვლება. "ხშირად კი ადამიანების საჭირო რაოდენობა არ გროვდება, კანდიდატები კი მოითხოვენ სხდომა ჩატარებულად ჩაითვალოს", _ აცხადებს ფლიევა.
მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფების მხრიდან განცხადებების მიღება 9 თებერვლამდე გაგრძელდება, ხელმოწერილი ფურცლების კი 19 თებერვლამდე.
"ამის შემდეგ ათი დღის ვადაში ცესკოში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კანდიდატის რეგისტრაციისა თუ უარის შესახებ. 29 თებერვლისათვის ჩვენ უკვე ყველა დარეგისტრირებული კანდიდატის სია გვექნება, რომელსაც გამოვაქვეყნებთ კიდეც", _ განაცხადა ფლიევამ.