ფორმულა 1-ის რამდენიმე გუნდმა 7 თებერვალს ხერესში ტესტ-რბოლებში მიიღო მონაწილეობა. ტესტები, პირველ რიგში, ახალი ბოლიდების გამოსაცდელად იმართება და აქვე ხდება პილოტების ფორმის შემოწმება. პირველ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა "ლოტუსის" ფინელმა მრბოლელმა კიმი რაიკონენმა, რომელიც ორწლიანი შესვენების შემდეგ რალიდან დაბრუნდა ფორმულაში. 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სულ 50 წრე გაიარა და თავი გამძლეობის ტესტზედაც შეამოწმა.
ტესტებში, რაიკონენის გარდა, მონაწილეობა თერთმეტმა მრბოლელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები მიხაელ შუმახერი და ჯენსონ ბატონი, რომლებმაც, შესაბამისად, მეექვსე და მერვე შედეგი აჩვენეს. ხერესში არაა მოქმედი ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი.
"მოხარული ვარ კიმის ასეთი ეფექტური დაბრუნებით. ფორმულას 24-პილოტიან ოჯახში კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს შეჯიბრებას", - განაცხადა შუმახერმა.
ხერესის ტესტები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ოფიციალური ჩემპიონატი კი 18 მარტს ავსტრალიის დიდი პრიზით დაიწყება და 25 ნოემბერს ბრაზილიის დიდი პრიზით დასრულდება. სულ წლევანდელ სეზონში 20 რბოლა გაიმართება, რაც ერთით მეტია შარშანდელზე და ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია.