ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ხელთ არსებული სარწმუნო მონაცემებით, ოფიციალური თბილისი დასავლეთის მხარდაჭერით აქტიურადაა ჩართული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის პროცესში. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მათი ძირითადი მიზანი 2012 წლის 25 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა და სამხრეთ ოსეთისნ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფაქტის ეჭვის ქვეშ დაყენებაა. ამ ჩანაფიქრების რეალიზაციისათვის საქართველოს სპეცსამსახურებს პროვოკაციებისა და ტერაქტების განხორციელება აქვთ დაგეგმილი", _ იუწყებიან სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, შექმნილ პირობებში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აუცილებელია თავი შეიკავოს გაუაზრებელი მოქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა "ჩვენი მოწინააღმდეგების წისქვილზე დაასხას წყალი და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ინტერესებს მიაყენონ ზიანი".
"სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მიერ მიღებულია ყველა ზომა იმისათვის, რომ ხელყოფილი არ იქნეს სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წყობა. ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები კი მკაცრად იქნება აღკვეთილი კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.