სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეებს" ზოგად გაფრთხილებას აძლევს, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში. მართალია, სეპარატისტები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელ აქციებზე საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, გაფრთხილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მომხრეების საყურადღებოდაა გაკეთებული.
როგორც ცნობილია, ჯიოევა თავის თავს "სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს" უწოდებს და 10 თებერვალს ე.წ. ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავს.
"შს სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქის ხელისუფლებასთან შეუთანმებელი აქციების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო აფრთხილებს რესპუბლიკის მოქალაქეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც შეიძლება არასანქცირებულ აქციებში მათმა მონაწილეობამ გამოიწვიოს", _ ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. შს სამინისტრო ასევე აფრთხილებს აქციების მონაწილეებს, რომ სანქციის გარეშე შეკრების, დემონატრაციის, მიტინგის ან პიკეტირების გამართვა კანონდარღვევაა და დაუშვებელია.
მათი ინფორმაციით, არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონის მიხედვით, შესაძლოა, ისინი დააპატიმრონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.
"ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ დარღვეულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი რესპუბლიკაში, შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზებამდე მივიდეს. ამგვარი ქმედებები კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილი იქნება", _ იუწყება ოსური მხარე.