სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა შოტლანდიური რაგბის ვარსკვლავმა დან პარქსმა. შოტლანდიის ნაკრების 33 წლის გამთამაშებელმა ეს გადაწყვეტილება ექვსი ერის დაწყებამდე მიიღო, თუმცა ამ ტურნირის სასტარტო მატჩში, ინგლისთან მაინც ითამაშა, რადგან მისი ახალგაზრდა შემცვლელი რარიდ ჯექსონი ტრავმირებული იყო. პარქსმა ორ მსოფლიოს თასზე ითამაშა, მათ შორის 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგაც და მაშინ ჩვენს ნაკრებს უკლებლივ ყველა ქულა მან გაუტანა.
ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასზე 14 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ 15:6 მოგებულ თამაშში პარქსი შოტლანდიის ნაკრების მთავარი დამრტყმელი იყო და ოთხი საჯარიმო და ერთი არეკნი გაუტანა „ბორჯღალოსნებს". სულ მას ნაკრებში 67 მატჩი აქვს ჩატარებული და 266 ქულა მოგროვილი.
შოტლანდიის ეროვნულ გუნდში ის 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, თუმც უფრო ხშირად დამრტყმელის მოვალეობას ასრულებდა 15 ნომერი კრის პატერსონი, თავისი ეპოქის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც პარქსის მსგავსად 33 წლისაა და ისიც ახლო წარსულში გამოეთხოვა ნაკრებს.