ფალავანთა კლუბში ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ შეაფასეს.
დარჩიას თქმით, ნაკრებს ბულგარეთში ახალის სეზონის კარგი დასაწყისი გამოუვიდა.
"ბულგარეთში ახალი სეზონის კარგი დასაწყისი გამოგვივიდა. ბიჭებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს და კონკურენტ მოჭიდავეებთან ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯეს. სოფიაში ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი რევაზ ლაშხი არ გაჰყვა, რადგან მას მცირე ტრავმა აქვს და ამიტომ არ გავრისკეთ, მისი დასვენება ვამჯობინეთ, თორემ დარწმუნებული ვარ, მედალს ისიც აუცილებლად აიღებდა. ჩავატარეთ ექსპერიმენტიც - ქემალ ხარაბაძემ 60-ის ნაცვლად 55 კილოგრამში იჭიდავა და ფინალშიც გავიდა, სადაც მსაჯებმა დაჩაგრეს. ახლა მთელი აქცენტი ოლიმპიადის ლიცენზიებზე გვაქვს გაკეთებული, საამისოდ სამ სალიცენზიო ტურნირზე ვიბრძოლებთ, მანამდე კი 8 თებერვალს მინსკში მოსამზადებელ შეკრებაზე გავემგზავრებით. ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ დარჩენილ წონებში ლიცენზიები დავისაკუთროთ და ოლიმპიადაზე ჩვენი გამოსვლით გულშემატკივარი გავახაროთ", - განაცხადა დარჩიამ.
გეწაძემ კი მოჭიდავეებს კარგი ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ბიჭებს ასეთი შედეგიანი გამოსვლისთვის, თუმცა ზოგიერთი მოჭიდავისგან მეტს ველოდით. მათ სავარჯიშო და დასახვეწი ბევრი აქვთ, იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც მათგან ველით. მით უმეტეს, რომ ოლიმპიური წელია და ზოგიერთ წონაში ოლიმპიადის ლიცენზიები ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ლონდონის ლიცენზიები არ თამაშდება, თუმცა ოლიმპიადის საგზურებისთვის 3 ტურნირზე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ჩვენი მწვრთნელები ყველაფერს სათანადოდ გათვლიან, რათა ოლიმპიადაზე სრული გუნდით გამოვიდეთ", - განაცხადა გეწაძემ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 3-5 თებერვალს ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) ავიდნენ. ქემალ ხარაბაძესა (55 კგ) და მანუჩარ ცხადაიას (74 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.