საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენა გათვალისწინებულია რუსეთში სამხედრო მშენებლობის გეგმების შედგენისას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი მომხრეების საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს რემილიტარიზაციის საკითხი ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ დააყენა და სთხოვა მედვედევს, არ დაევიწყებინა იქიდან მომავალი საფრთხე.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს მილიტარიზაცია არ შეჩერებულა ე.წ. ხუთდღიანი ომის შემდეგაც. მეტიც, ჩვენ გვქონდა მონაცემები იმის შესახებაც, რომ პრაქტიკულად მალევე აშშ-ის ადმინისტრაციის ხაზითაც და რამდენიმე სხვა ქვეყნების გაზითაც, სხვათა შორის რამდენიმე ჩვენი ახლო მეზობლის დახმარებითაც მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის იარაღის მიწოდება", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომაც იყო იძულებული რუსეთი, გაეძლიერებინა ის სამხედრო ბაზები, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში აქვს განლაგებული.
რუსეთის პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია, აუკრძალოს სხვა სახელმწიფოებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდება. "ჩვენ ამის შესახებ ღიად ვსაუბრობთ. არ დავმალავ და ზოგი სახელმწიფოს მეთაურთან სპეციალურად მილაპარაკია ამ თემაზე: რას აკეთებთ? ეს უბრალოდ საშიშია". მაგრამ სრულად ამის აკრძალვა არ შეგვიძლია და მომავლისთვის პოლიტიკაში ეს უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა არავითარი სუსტი რგოლი აქ არ არის. ეჭვიც არ შეგეპაროთ. ყველაფერი წესრიგშია", _ განაცხადა მედვედევმა.