2011 წლის 16 დეკემბერს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა ინფორმაცია ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მეთაურ ტუღუშის ნაღმზე აფეთქების შესახებ. "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმაცია არ დაუდასტურეს თავდაცვის სამინისტროში.
პირადად მინისტრმა ბაჩო ახალაიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ "მსგავსი არაფერი გამიგია, ინფორმაციას არ ვადასტურებ, ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა და სიცრუეა" (http://ghn.ge/news-56647.html ).
2 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა (http://president.gov.ge/ge/PressOffice/News/Releases?p=7322 ).
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მივიდა. მან ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოინახულა და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, იგი ვახტანგ გორგალის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ორ ამერიკელ სამხედროს ბულრესონ მარკუსს და ბრაუნ ქრისჩენს, რომლებიც ქართველებთან ერთად მსახურობენ ჩრდილოეთ ჰელმანდში, გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა.
„მე ვნახე ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთში. იგი არის ოზურგეთიდან. მისი დედა გეოგრაფიას ასწავლის ოზურგეთის პირველ საშუალო სკოლაში..."
საინტერესოა, რატომ იმთავითვე არ განცხადეს ოფიციალურმა სტრუქტურებმა ალექსანდრე ტუღუშის დაჭრისა და იმ გმირობის შესახებ, რომლის საფუძველზეც იგი ვახტანგ გორგალის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება ქონდეს ინფორმაცია ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის და მით უფრო საგმირო საქმეების შესახებ.