დღეს სოხუმის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანზე აფხაზური ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდამჭერი სახალხო შეკრება გაიმართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებმა მიმართვა მიიღეს რომელშიც ნათქვამია:
"სახალხო კრება მთლიანად უჭერს მხარს აფხაზეთში ამჟამად არსებული მართლმადიდებურ ეკლესიის გამოყოფას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან.
სახალხო კრება მხარს უჭერს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო აფხაზური სახელმწიფოებრიობის საფუძველი.", _ ნათქვამია მიმართვაში.
ამას გარდა, სახალხო კრება მადლობას უხდის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას დახმარებისათვის, რომელიც მან აფხაზეთს 1992-1993 წლის კონფლიქტის დროს გაუწია.
"მძიმე წლებში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას არ დაუტოვებია აფხაზი ხალხი სულიერი მფარველობის გარეშე. სახალხო კრება გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გაგებით მოეკიდება აფხაზური მართლმადიდებლობის გამყარებას, რაც საქართველოს ეკლესიისგან აუცილებელ გამოყოფაში გამოიხატება", _ ნათქვამია სახალხო კრების მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ სახალხო კრების მონაწილეები მხარს უჭერენ აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის მიერ ახალ ათონში მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
ამას გარდა, სახალხო კრების მონაწილეები მადლობას უხდიან მსოფლიო პატრიარქს იმისათვის, რომ მან აფხაზი სასულიერო პირები მიიღო.
"სახალხო კრება დიდად აფასებს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის დაწყების შესაძლებლობას, რომლის გზაც აფხაზური ეკლესიისათვის დედა-ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქატზე გადის", _ ნათქვამია მიმართვაში.