აფხაზი სეპარატისტები მდინარე ენგურზე მდებარე საქართველოს-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამატებითი საკონკროლ-გამშვები პუნქტების გახსნას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სამწუხაროდ, საზღვრის კეთილმოწყობის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იქ მრავალი გადასასვლელია საიდანაც კონტრაბანდული ტვირთები გადმოდის. ამას კი ჩვენს ბაზარში არსებული საქონელიც მოწმობს", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი საიდ ტარკილი.
ამავდროულად, მათივე ინფორმაციით, გალის ე.წ. საბაჟო სამმართველომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უკვე წარუდგინა წინადადებები მდ. ენგურზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ.
"წინადადებები პრეზიდენტისათვის უკვე წარდგენილია. მათი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საბაჟო კომიტეტი მუშაობას შეუდგება", _ იუწყება აფხაზური მხარე.