დღეს, 3 თებერვალს, სოხუმის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანზე აფხაზეთის მცხოვრებლები სახალხო კრების ჩატარებას გეგმავენ. კრების მიზანი მოქალაქეების მიერ აფხაზური ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნა და მხარდაჭერა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელევს.
მათი ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. მერიამ აქციის ორგანიზატორებს კრების ჩატარების უფლება მისცა. შეკრება 13:00 საათზე გაიმართება. აფხაზური მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას არ მიუთითებს, კონკრეტულად ვინ არის ამ შეკრების ორგანიზატორი. თუმცა, სავარაუდოდ, მას აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებული ეკლესიის სასულიერო პირთა ახალგაზრდული ფრთა - ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია გამართავს. მიტროპოლიის წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლურ ეკლესიის ძველი თაობის წარმომადგენლებთან დაპირისპირებულნი არიან.
სწორედ მიტროპოლიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ რამდენიმე ხნის წინ მსოფლიოს პატრიარქთან. სავარაუდოდ, ისინი ამჯერად სახალხო კრების ჩატარების შედეგად მიმართვას შეადგენენ, რომელსაც მსოფლიო პატრიარქს გაუგზავნიან და მას აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის აღდგენას მოსთხოვენ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ აფხაზურ ეკლესიაში მიმდინარე ამბებში ჩარებას ძველი თაობა ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ეკლესიაში არსებული საკითხები მხოლოდ რუსეთის საპატრიარქოს ჩარევით უნდა გადაწყდეს.