საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა. ორმხრივ ფორმატში შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაზარდოს დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, რაც გულისხმობს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამიერიდან ამერიკული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს არამხოლოდ სამშვიდობო მისიებისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე.
აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. მხარეთა გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება საუბარი ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე.
თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს "ISAF TOP 10" ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა იყო. სამუშაო სესიას ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ. ნატოს 10 წევრ და 2 პარტნიორ ქვეყნის კოლეგებთან თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა - კვლავ გააგრძელოს წვლილის შეტანა ISAF -ის ოპერაციაში.