საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში შეხვედრა გამართა. შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს და მშვიდობის ინტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და არაბულ რევოლუციებზე გააკეთა.
"მე აქ მოვედი რომ ვისაუბრო რევოლუციების ტალღაზე, იმ ცვლილებებსა და პროტესტებზე, რომლის მომსწრეც გახდა მთელი მსოფლიო ერთი წლის მანძილზე და ახლაც გრძელდება. ამ რევოლუციებმა და პროტესტებმა ყველას გაგვახსენა, რომ თავისუფლება ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ განსხვავებებზე უფრო ღირებულია. ისინი ამოძრავებენ ერებს და ცვლიან გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ერთი წლით გავცდით იმ მომენტს, როდესაც უცნობმა ტუნისელმა მუჰამედ ბუაზიზიმ საკუთარი თავი გაინადგურა უსამართლობისა და საზოგადოებაში უიმედობის მიმართ პროტესტის გამოსახატავად. 13 თვის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებული ვხედავთ როგორ შეცვალა ამ იზოლირებულმა სასოწარკვეთილების აქტმა ისტორია და მსოფლიოს აღქმა. ტუნისის დიქტატორი ბინ ალი გამოეთხოვა ძალაუფლებას, ისევე როგორც მუბარაკი და კადაფი.მთელი რეგიონის მასშტაბით მხარეები მრავალფეროვნად გამოეხმაურნენ საზოგადოების მოთხოვნებს რეფორმებთან დაკავშირებით და დაეთანხმნენ კიდეც. მუამარ კადაფი და მისი დესპოტური რეჟიმი ჩამოაგდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პროტესტები ახლო აღმოსავლეთს გასცდა და ის რუსეთის ქალაქებსაც მოედო.
"პროტესტები ახლო აღმოსავლეთს ბევრად გასცდა. მათ შორის მან მიაღწია მოსკოვის ქუჩებში, სანკ-პეტერბურგში და რუსეთის სხვა ქალაქებში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეხვედრის მოდერატორი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა.