ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ ტრავმა მოიშუშა და "შალკეს" ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. 21 წლის შემტევმა ბოლო ორ წელიწადში პირველად შეძლო ფეხბურთის თამაში.
აქამდე ის კოჭის ტრავმას იშუშებდა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ ფაქტობრივად მოშუშებული ჰქონდა, მაგრამ გაუმიზეზდა და კიდევ კარგა ხანს მოცდა მოუხდა, სანამ ვარჯიშს შეძლებდა.
ყენია ჯერჯერობით ვერ შეძლებს ნატკენი ფეხის სრულფასოვნად დატვირთვას და ოფიციალურ თამაშში მონაწილეობას, თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.
ყენიას გარდა, "შალკეს" კიდევ რამდენიმე შემტევი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული - რაული, ჯეფერსონ ფარფანი და ალექსანდრ ბაუმოჰანი. ეს გუნდი სადღეისოდ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველ-მესამე ადგილებს იყოფს მიუნხენის "ბაიერნთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან".