ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი" ვადიმ ბროვცევი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო კონტიგენტის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენის გარანტიაა. დღეს 1 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დიალოცირებული რუსული საოკუპაციო ჯარის სამხედრო კონტიგენტის მე 4 ბაზა დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებები იმართება.
"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსული ჯარის ყოფნა სამხრეთ ოსეთში არის მშვიდობის და მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი", _ აცხადებს ვადიმ ბროვცევი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ.
"რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები ყოველთვის შესანიშნავი იყო. რუსებსა და ოსებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მადლიერია იმისა, რომ თქვენ აქ იმყოფებით", _ განაცხადა ვადიმ ბროვცევმა სამხედრო ბაზაზე.
თავის მხრივ, ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსული საოკუპაციო ბაზის მეთაურმა ალექსანდრე შუშურკინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ამოცანა ცხინვალის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაა.