დღეს, 31 იანვარს, გალში პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე აფხაზეთში მღვდელმონაზონ იონას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საკითხს შესაბამისი სიმკაცრითა და პრინციპულობით დააყენებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში მღვდელმონაზონ იონას დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც 30 იანვარს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ფაქტი დასტურდება, მაგრამ დეტალები არც საგარეო უწყებისთვის და არც შსს-ისთვის ცნობილი არ არის.
"სამწუხაროდ, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს. ეს არის ვანდალური ფაქტი, და იგი დიდწილად განპირობებულია სწორედ ამ რეგიონების და ამ ადგილის მიმდინარე სტატუსით, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორია და სადაც განუკითხაობა ყოველდღიური ფაქტორია", - განაცხადა ჯალაღანიამ.