დანიის ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 21:19 დაამარცხა სერბეთი და 2008 წელს მოპოვებული და 2010 წელს დაკარგული კონტინენტური ტიტული დაიბრუნა.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთში ჩატარდა და მთავარ ფავორიტად მასპინძელთა გუნდი მიიჩნეოდა - ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში კი 26:22 აჯობა ხორვატიას, მაგრამ ბელგრადში 20 ათასი გულშემატკივრის თვალწინ გამართული გადამწყვეტი მატჩი დათმო დანიასთან.
დანიამ სუსტად დაიწყო ჯგუფური ეტაპი, სამი თამაშიდან ორი წააგო (სერბეთთან და პოლონეთან), მაგრამ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოახერხა გასვლა, იქ ზედიზედ დაამარცხა მაკედონია, გერმანია და შვედეთი და ნახევარფინალში 25:24 აჯობა ესპანეთს.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა დანიელი მიკელ ჰანსენი, რომელმაც თავისი გუნდის 21 გოლიდან 9 გაიტანა და სერბებს ერთგვარი ჰეთთრიკის შესრულების საშუალება არ მისცა.