ინგლისის ქალაქ შეფილდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში, ქართველმა ელენე გედევანიშვილმა საუკეთესო პირადი შედეგი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა.
22 წლის გედევანიშვილმა ბრინჯაო პირველად შარშანწინ მიიღო, როდესაც 164.54 ქულა მოაგროვა. მაშინ, ელენე იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და ფინელი ლაურა ლეპისტოს ჩამორჩა და ახლაც, თითქმის იგივე განმეორდა. კოსტნერი ბრწყინვალე შედეგით (183.55) ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა, მეორეზე კი ამჯერადაც ფინელი გავიდა, ოღონდ კიირა კოორპი (166.94), რომელმაც გედევანიშვილს მხოლოდ 1.01 ქულით აჯობა და შარშანდელი ბრინჯაო ვერცხლზე გაცვალა.
შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი გოგონა მე-4 გახლდათ და კოსტნერისა და კორპის გარდა, რუს კსენია მაკაროვასაც ჩამორჩებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-7 გახლდათ, მე-3 პოზიცია კი გედევანიშვილს დაუთმო, რაც კვარცხლებკზე ასასვლელად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ელენესთვის თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი (104.63) გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირდებოდა, ამჯერად კი, მან ერთბაშად 108.79 ქულა (51.18 ტენიკური ელემენტებისთვის+57.61 პროგრამული კომპონენტებისთვის) მოაგროვა, რისი წყალობითაც კარიერის პირადი ჯამური მაჩვენებელიც ახალ ნიშნულზე ასწია - 165.93 ქულა 164.54-ის ნაცვლად.
და ერთიც. თავისუფალ პროგრამაში გედევანიშვილი საერთოდაც მეორე იქნებოდა, რომ არა რუსი პოლინა კორობეინიკოვას მოულოდნელი "გასროლა". 15 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა მოკლე პროგრამაში მხოლოდ მე-12 შედეგი აჩვენა, თუმცა, თავისუფალში ბრწყინვალედ ისრიალა და კოსტნერის კვალად, მეორე მაჩვენებელი დააფიქსირა.