აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რობერტ ბოშის ფონდის (გერმანია) კონსულტანტს დიტერ ბოდენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
დიპლომატმა განაცხადა, რომ იგი აფხაზეთში იმისათვის ჩამოვიდა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის დელეგაციების ვიზიტი მოამზადოს.
"საუბარი მიდის აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახახ ვექტორზე. თუმცა ჯერ ჯერობით არავითარი პრაქტიკული შედეგი არ არის. მე მინდა აფხაზეთს პატივი სცენ", _ განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე ანქვაბმა.
"მე მესმის თქვენი დაინტერესება შედეგებში, სიტუაცია რთულია და ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძებოთ", _ განაცხადა დიტერ ბოდენმა.
შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ჩიხში შესული სიტუაცია მანამ გაგრძელდება ვიდრე ევროპაში არ მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ადრე არსებულ ურთიერთობებში დაბრუნება არ იქნება.
"დროა უკვე ჩვენთან ჩამოხვიდეთ თბილისის ინსტრუქციების გარეშე", _ განაცხადა ანქვაბმა და დიტერ ბოდენის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს რუსული საზღვარგარეთის პასპორტებით ევროპაში სამკურნალოდ არ უშვებენ.
"ნეიტრალური პასპორტების" თემა, კი ანქვაბისავე განცხადებით უპერსპექტივო საქმეა. ჩვენ არ შემოვუშვებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ დიპლომატებს, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს ამ დოკუმენტს შესთავაზებენ", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.
შეგახსნებთ, რომ დიტერ ბოდენი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იყო 1999-2002 წლებში და სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში. სწორედ დიტერ ბოდენის მიერ იყო შემუშავებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც საქართველოს ფედერაციულ მოწყობას გულისხმობდა.