"საქართველომ კიდევ ერთხელ გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის დასადანაშაულებლად", _ წერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ განცხადებაში.
"სტრასბურში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უყვებოდა საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ აი უკვე მერამდენედ გამოიყენა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნა, რათა ეუწყებინათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავიანთთვის მოსახერხებელი ინფორმაცია და კვლავ გამოეთქვა ბრალდებები აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიმართ".
განცხადებაში სინანულითაა აღნიშნული, რომ მიუხედავად თავად სეპარატისტების არაერთი თხოვნისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ მისცა მათ საშუალება, თავიანთი პოზიცია უშუალოდ თავად დაეფიქსირებინათ.
"ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება ცალმხრივად ავითარებს მხოლოდ იმ აზრს, რომელიც მისთვისაა ხელსაყრელი", _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ფედერალურ მოწყობას, რომელშიც ცხინვალის რეგიონს ფართო ავტონომია ექნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრო" აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვაში არსებულ რეალობასთან აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა.
განცხადებაში ოსი სეპარატისტები კვლავ მიმართავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მოუწოდებენ მათ, მისცენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
"თუ საქართველო მშვიდობიან დარეგულირებას ძალიან შორეულ პერსპეტივად არ მიიჩნევს, მან უარი უნდა თქვას სამხრეთ ოსეთის იზოლაციის პოლიტიკისგან. საქართველოს აქვს შანსი, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე დადებითად იმოქმედოს - შეურიგდეს პოლიტიკურ რეალობას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს", _ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.