საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "Nonviolent Peaceforce" აფხაზეთში თავისი ოფისის გახსნით არის დაინტერესებული. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ კიმ ვეტტინგმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს თავინთი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოუთხრეს და გამოთქვეს მიზეზი აფხაზეთში თავიანთი ოფისის გახსნის შესახებ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
კიმ ვეტტინგის განცხადებით, მათი ორგანიზაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო სამშვიდობო სტრატეგიას იყენებს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მათი მუშაობის მიზანი არის სამოქალაქო საფრთხის შემცირება კონფლიქტის ზონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის მიმართ. ორგანიზაცია დახმარებას უწევს კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობოებს და უფლებების დამცველებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ დღეისათვის აფხაზეთში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას უწევენ, მრავალი მათგანი კი იმავე პროფილისაა, რაც ორგანიზაცია " Nonviolent Peaceforce " და ამიტომაც მათი საქმიანობის დუბლირების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. ჩირიკბამ სტუმრებს განუცხადა, რომ მათ ქვეყნის ე.წ. ხელმძღვანელობას წერილობით უნდა მიმართონ სადაც თავიანთი საქმიანობის სფეროებს და მიზნებს ჩამოაყალიბებენ. "გადაწყვეტილება ამ წერილის განხილვის შემდეგ იქნება მიღებული", _ განაცხადა ჩირიკბამ.