ინგუშეთის ნაზრანის რაიონში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი, "კავკასიის იმარატის" ერთ ერთი ამირი და შამილ ბასაევის თანამებრძოლი ჯამალეილ მუტალიევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ნაციონალური ანტიტეროროსტული კომიტეტი ავრცელებს.
"ინგუშეთის ნაზრანის რაიონში მოკლული სამი ბოევიკის ცხედარი ამოცნობილია - მათ შორის არის შამილ ბასაევის თანამებრძოლი ჯამალეილ მუტალიევი (ზედმეტსახელად "ადამი"). იგი 1976 წელს არის დაბადებული და ტერორისტული ორგანიზაცია "იმარატ-კავკაზის" ერთ ერთი მეთაურია. მუტალიევი ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა", _ იუწყება კომიტეტი. მათივე ინფორმაციით, მუტალიევი მეორე ჩეჩნეთის ომიდან ჩართულია წინააღმდეგობრივ მოძრაობაში. იგი სახელგანთქმული საველე მეთაურის შამილ ბასაევის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 2010 წლიდან "იმარატ კავკაზის" სამხედრო ამირად დაინიშნა. ამავე დროს იგი ინგუშეთში მოქმედ იატაკქვეშეთს ხელმძღვანელობდა.