"ნეიტრალური პასპორტების" დარიგების მცდელობით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ფაქტობრივად აღიარებს. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. მისი თქმით, "ნეიტრალური პასპორტი" ასევე აღიარებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არაა".
"ნეიტრალური დოკუმენტები სახელმწიფო სიმბოლიკის გარეშე, საქართველოს ხელისუფლების ჩანაფიქრით, მათ "ბედნიერ" მფლობელებს საშუალებას მისცემს, საქართველოს ტერიტორიაზე გადადგილდნენ, ისწავლონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და მიიღონ ქართული პენსია (საინტერესოა, რამდენად უზრუნველყოფს ეს პენსია თავად ქართველი პენსიონერების ცხოვრებას). ამასთან ერთად, მათი მფლობელები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ არ აქვთ საარჩევნო უფლება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, თუნდაც ნეიტრალური პასპორტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები არ არიან (ეს ასეცაა) და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ის ადგილია, სადაც საქართველოს არამოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებმაც თავიანთი სახელმწიფო შექმნეს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რომელიც შეუძლებელია "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია" იყოს", _ აცხადებს ჯიოევი.