"ნეიტრალური პასპორტები, ეს საქართველოს პრეზიდენტის "მორიგი ინიციატივაა", რომელიც საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში ხორციელდება. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სახრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"2004 წლიდან ასეთი ინიციატივები იმდენჯერ იყო წამოყენებული, რომ მგონი თავად საქართველოს ხელისუფლებასაც სათვალავი აერია.
გავიხსენოთ თუნდაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის 2004 წელს თავს მოხვეული "ჰუმანიტარული სასუქი". საქართველოს ახლანდელი ინიციატივა ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით, საქარტველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოკუპირებული რეგიონების მიმართ ხორციელდება ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" ფარგლებში. მიმაჩნია, რომ ამგვარი მცდელობებით საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაში საბოლოოდ უნდა მიჩქმალოს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია", _ აცხადებს მურატ ჯიოევი და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას "სრულიად კანონიერ საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და მათ ასევე აქვთ დოკუმენტების სახით პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტები - ამ პასპორტებით ისინი მსოფლიოში მოგზაურობენ".
"ამიტომაც, კიდევ რაღაც გაურკვეველი "პასპორტების" მიღებას იმ სახელმწიფოსაგან, რომლისგანაც მხოლოდ აგრესია, ნგრევა და განადგურების მცდელობა თუ გვინახავს, არავითარი აზრი არა აქვს. თან არც არის ვინმე ისეთი ვისაც ამ "პასპორტების" მიღება ძალიან უნდოდეს", _ აცხადებს ჯიოევი.