აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ახალ ათონში უკანონო არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განუცხადა. გაგოშიძე აღნიშნულ დასკვნას რუსული "იკომის" მისიაზე დაყრდნობით აკეთებს.
"აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის ინტერიერში და გარეთ უკანონო გათხრები მიმდინარეობს. ა ეს მნიშვნელოვანი ტაძარია და მოგეხსენებათ ეს სვიმონ კანანელის წამებისა და სავარაუდოდ საფლავის ადგილიცაა. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია სულიერი და სამეცნიერო თვალსაზრისით. მიმდინარეობს უკანონო გათხრები და ამ ღონისძიებას არქეოლოგიც კი არ ესწრება. რუსულმა იკომის მისიამ, რომელმაც 2011 წელს იმუშავა აღნიშნულ ადგილას, პირდაპირ აღნიშნა, რომ კარგი იქნება არქეოლოგიც ესწრებოდეს ამ გათხრებსო. თავისთავად არქეოლოგის დასწრებაც იქ თუ საქართველოს კულტურის სამინისტროდან არ აქვს მიღებული ღია ფურცელი, რასაკვირველია დანაშაულია და უკანონობაა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გაგოშიძემ.
მისი თქმით, იკომის მისიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ეკლესიას ასევე დაზიანებაც ემუქრება.
"როგორც ჩანს საფრთხე ეკლესიასაც ემუქრება. ეკლესიას ბზარებიც აქვს. ეს IX-X საუკუნის ეკლესია, მაგრამ შემდეგ შეაკეთეს. XIX საუკუნეში გუმბათი დააშენეს. მაგრამ სურათს თუ დავაკვირდებით, იქ ბზარები არის. ეს ეკლესია კარგ კონდიციაში რომ არ არის ფაქტია. შველა სჭირდება სპეციალისტების", - აღნიშნავს გაგოშიძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუნესკოში სავარაუდოდ წერილიც გაიგზავნება.