საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. ვაშაძემ სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვებით დაიწყო.
"ამ ტრიბუნიდან საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ყველა ქართველს ახსოვს და სამუდამოდ ემახსოვრება. ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ჩვენ ვართ ევროპელები. ეს კავშირი თვალსაჩინოდ გამოჩნდა 2008 წელს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა ქართველი ხალხის გვერდით იდგა საერთო ევროპული ღირებებულებებისა და პრინციპების დასაცავად. თქვენ იმოქმედეთ დაუყოვნებლივ, დროულად აიმაღლეთ ხმა და დაადასტურეთ, რომ კონფლიქტია ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის და მისი მოგვარების პასუხისმგებლობა ჩართულ მხარეებს ეკისრებათ", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველო კვლავ დგას ისეთი საგარეო გამოწვევების წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროსაბჭოს ძირითად ღირებულებებსაც.
"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველების და სხვა ერების წარმომადგენლების ეთნიკური წმენდა ადასტურებს, რომ ევროპის საბჭოს დამფუძნებელი მამების მიერ დასახული მიზნები ჯერაც მიღწეული არ არის. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ ასამბლეამ ზედმიწევნით შეაფასა ვითარება საკუთარ რეზოლუციებში.
"ასევე პრობლემის გადაჭრის გზები ასახულია რუსეთ-საქართველოს ომის დოსიეში, რომელიც კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებს საკუთარ ვალდებულებებზე მიუთითებს. თუმცა გზებისა და ნაბიჯების განსაზღვრა მათი შემდგომი განხორციელების გარეშე საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ ეს კონფლიქტი რჩება ასამბლეის დღის წესრიგში, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება აღიაროს , რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და შეთანხმებების შესრულებას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ვაშაძემ.