"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში იდეალური საარჩევნო გარემოს მოლოდინი არ არსებობს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, მიუხედავად ამისა, არჩევნებში მონაწილეობას ყოველთვის აქვს აზრი და ეს აუცილებელიცაა.
"საბედნიეროდ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი უკვე მოვიდა აზრამდე, რომ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. რაღაც გარკვეული ნაბიჯები გაუმჯობესებისთვის გადაიდგა, კოდექსი უკეთესია და ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება იყოს. თვითონ გარემოს კიდევ სჭირდება ბრძოლა, რომ მთლიანობაში გარემო იყოს ნორმალური", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნაჭყებიამ.
მისი ინფორმაციით, დასავლეთი დიდ დაინტერესებას გამოთქვამს 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
"მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ დიდი იქნება მოთხოვნა, რათა არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ეს არჩევნები სამართლიანობისა და თავისუფლების თვალსაზრისით ალბათ გამორჩეული უნდა იყოს", - აღნიშნა ნაჭყებიამ.